|
იაპონური გრანტის ფარგლებში შემოყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგიონებში გადანაწილების პროცესის დაწყებესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს ჩალაუბანში იმყოფებოდა, სადაც პირდად გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას ტექნიკის მახასიათებლები და ის ფორმა, რომლითაც ტრაქტორების და კომბაინების გამოყენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
"ეს ტექნიკა იქნება რეგიონებში და მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი. რაც შეეხება ფასებს, ტრაქტორის და კომბაინის დაქირავების საშუალება ფერმერს იმაზე გაცილებით იაფად შეეძლება, ვიდრე ეს აქამდე იყო", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. პროექტი იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გრანტის სახით, იაპონიის მთავრობამ, ქართული მხარეს 1 200 000 000 იაპონური იენი გამოუყო და ეს თანხა, თანამედროვე ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა. ტექნიკის უდიდესი ნაწილი ”ნიუ ჰოლანდის” ფირმისაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ტექნიკას შპს ”მექანიზატორი” განკარგავს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი ექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოყვანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანა. ღონისძიებას ესწრებოდა კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი. |